"გალფი" : ხანძრის გამო კომპანიის მუშაობის პროცესი არ შეჩერებულა

კომპანია "გალფი" დღეს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილით, დაახლოებით 11:00 საათზე წყალსადენის ქუჩაზე მდებარე კომპანია "გალფის" ნავთობ ბაზაზე დაფიქსირდა ხანძარი. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი გაუჩნდა კომპანიის კუთვნილ საწვავმზიდს, საიდანაც ცეცხლის ალი გავრცელდა ასევე კომპანიის კუთვნილ სხვა საწვავმზიდებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ საწვავის შევსების ადგილზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის ალი არ გადადებია არც ერთ ინფრასტრუქტურულ დანაყოფს, ისეთს, როგორიც არის ნავთობტერმინალი ან საწვავის რომელიმე საცავი. ხანძარი მოედო ნავთობბაზის ახლო მდებარე მცირე ზომის რამდენიმე ობიექტს.

"ამ წუთისათვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოვიდა სამაშველო სამსახური, მათ მოახერხეს დიდი მასშტაბის მქონე ხანძრის სრულად ლიკვიდირება. ასევე, ძალიან იმარჯვეს ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებმაც დროულად მოახდინეს რეაგირება და მიიღეს შესაბამისი ზომები. ადგილზე მყოფ თანამშრომლებს ჰქონდათ გავლილი სამაშველო-სახანძრო სპეცკურსი, რაც მათ სწორ რეაგირებაში დაეხმარა. დიდ მადლობას მოვახსენებთ სამაშველო სამსახურს და ასევე ადგილზე მყოფ ჩვენს თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის. ჩვენთვის უპირველესი და ყველაზე მთავარია, რომ ხანძარს არ მოჰყოლია მსხვერპლი. არის დაზიანებული ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის მკურნალობის ხარჯებსაც კომპანია სრულად დააფინანსებს", - განაცხადა კომპანისს ვიცე -პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ, თუ რა იყო ხანძრის გამოწვევის კონკრეტული მიზეზი. ასევე შესაბამისი ფინანსური სამსახურები დაადგენენ ხანძრისგან მიღებული ზარალის ოდენობას.

კომპანიის მუშაობის პროცესი არ შეჩერებულა, "გალფი"-ს ქსელი ამ წუთებისათვის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.