ჩინეთმა ტრანზიტულ მგზავრებზე დაწესებული უვიზო მიმოსვლის დრო გაახანგრძლივა

1-ლი მაისიდან ამოქმედებული სიახლის თანახმად, სამხრეთ ჩინეთში მდებარე გუანდონგის პროვინციის გავლისას (ტრანზიტი), 53 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, 144 საათიანი უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ.

ახალი ცვლილება, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა, 72-საათიანი უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის გაფართოებას გულისხმობს. მსურველებს გუანდონგში შესვლა სამი აეროპორტიდან შეუძლიათ (Guangzhou Baiyun International Airport, Shenzhen Bao'an International Airport, Jieyang Chaoshan International Airport), ხოლო გამოსვლა კი 32 პორტიდან.

53 ქვეყნის ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა, თუმცა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს აღნიშნული სიახლე ეხებათ.

ჩამონათვალში არიან შენგენის შეთანხმების 24 ქვეყანა: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ექსპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

ასევე, სიაში მოხვდნენ სხვა ევროპული ქვეყნები და მათთან ერთად, რუსეთი და უკრაინა: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, მაკედონია, ალბანეთი, ბელორუსი და მონაკო.

სიახლე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტების 6 ქვეყანასაც შეეხო: აშშ, კანადა, ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა და ჩილე.

რაც შეეხება აზიისა და ოკეანიის ქვეყნებს, 53 ქვეყანაში ავსტრალია, ახალი ზელანდია, კორეა, იაპონია, სინგაპური, ბრუნეი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ყატარი მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ იგივე ქვეყნები სარგებლობდნენ აქამდე არსებული 72- საათიანი უვიზო მიმოსვლით. უფრო კონკრეტულად, 2013 წლიდან, სახელმწიფო საბჭომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის უვიზო მიმოსვლა ჩინეთის 18 ქალაქში დააწესა. ამჟამად კი ამ შეღავათით სარგებლობა უკვე 144 საათის განმავლობაშია შესაძლებელი ისეთ ქალაქებში როგორიცაა შანხაი, ნანძინი, პეკინი და ა.შ.