1-ელ მაისს დაგეგმილ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე Billboard Music Awards პოპ-მომღერალი მადონა მის ახალ სინგლს ცოცხლად პირველად შეასრულებს.
ეს არის სიმღერა სახელწოდებით „მედელი“, რომელსაც პოპის დედოფალი კოლუმბიელ მომღერალ მალუმასთან ერთად ასრულებს. როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, მომღერალს პერფომანსისთვის დაეთმობა 7 წუთი და ეს გამოსვლა დაჯილდოების ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ძვირადღირებული პერფომანსი. აღსანიშნავია, რომ მომღერალი თავად ფარავს გამოსვლისთვის საჭირო თანხებს.
საუბარია 5 მილიონ დოლარზე, რომელსაც მომღერალი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის დახარჯავს. შესრულება იქნება წარმოდგენილი ჰოლოგრამებითა და CGI ტექნოლოგიის თანხლებით და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ ტიპის გამოსვლა აქამდე ცოცხალ სატელევიზიო ეთერში არ მომხდარა.
აღსანიშნავია, რომ კონცერტის ტრანსლირებას ტელეკომპანია ABC მოახდენს. ამასთან, როგორც ცნობილია მადონას ცოცხალი შესრულება მაისში დაგეგმილია ასევე კიდევ ერთ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე, მომღერალი 18 მაისს ევროვიზიის ფინალში თელ-ავივში გამოვა, რისთვისაც კანადელმა ებრაელმა ბიზნესმენმა მას 1 მილიონი დოლარი გადაუხადა.
მომღერლის ახალი, რიგით მე-14 სტუდიური ალბომი Madame X 14 ივნისს გამოვა.