"ჩვენ გვჭირდება რეალური მინიმალური ხელფასი"

პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, "სოციალური კონტრაქტს", რომელიც შრომითი უფლებების დაცვასა და რეალური ანაზღაურების განსაზღვრას გულისხმობს, ათასობით ხელმომწერი ჰყავს და იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი სისრულეში მოვიდეს, საჭიროა დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმაც მოაწეროს.

"სოციალური კონტრაქტი, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი და მეორე მხარეს აკლია პრემიერ ბახტაძის ხელმოწერა, არის ის საჭიროებები, რომლებიც საზოგადოებას სჭირდება. დღეს, რეალობა ის არის, რომ ბავშვები შიმშილით გვეღუპება, რეალობა ის არის, რომ სკოლების ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია, რეალობა ის არის, რომ განათლების რეფორმა განათლების მუშაკების გარეშე ხორციელდება. ჩვენ გვჭირდება რეალური მინიმალური ხელფასი", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 25 000 ადამიანია, რომელსაც 100 ლარზე ქვემოთ აქვს ხელფასი.

"გადასახადების დამალვა ხდება იმიტომ, რომ არ გვაქვს რეალური მინიმალური ხელფასი. თვეში 20 ლარია მინიმალური ხელფასი. აი, ეს ფარსი უნდა დამთავრდეს და ამ ფარსს აუცილებლად ექნება დასასრული. მათ აქვთ ბოლო შანსი - ეს არის ოქტომბერი და ოქტომრამდე აუცილებლად გავაკეთებთ პროფკავშირები ყველაფერს, რომ ხელი შევუწყოთ, რეალურად ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის შექმნას", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.