ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეგიონალურ შეხვედრებს განაგრძობს. კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული ბანკის ცნობით, კობა გვენეტაძემ პირადად გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ესაუბრა ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე.

შეხვედრა რომელიც გორში, სასტუმროში „ლაქი" გაიმართა, შიდა ქართლის რეგიონის კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

"ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრა გვქონდა, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი შეხვედრის შემდეგ ვმართავთ. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, ეს არიან კომპანიები, ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტების სერვისებით. ძირითადი კითხვები ინფლაციასთან დაკავშირებით დაისვა. ასევე, ვისაუბრეთ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე და მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობაზე. იყო შეკითხვები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რაზეც ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ავხსენით დეტალები საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, საუბარია პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალურია, მოვისმინეთ მათი კომენტარები და მივაწოდეთ ამომწურავი პასუხები ამ თემაზე. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ საზოგადოებისათვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე. კობა გვენეტაძემ ბიზნესმენთა შეკითხვებსაც უპასუხა.