მერია მტკვრის სანაპიროს დიზაინზე მუშაობას იწყებს. კერძოდ, სანაპიროს დიზაინის პროექტის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 179 700 ლარია.
„პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მსგავსი არანაკლებ 5 (ხუთი) შესრულებული (დასრულებული) პროექტი. პიროვნულად იმ მთავარ არქიტექტორს/დიზაინერს, რომელსაც პრეტენდენტი წარმოადგენს წინამდებარე დაკვეთის შესასრულებლად, უნდა ჰქონდეს მსგავსი არანაკლებ 5 (ხუთი) შესრულებული (დასრულებული) პროექტი. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილების მქონე ის მინიმალური სავალდებულო პერსონალი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შესყიდვის ობიექტის მომზადების პროცესში, შემდეგი სფეროების მიხედვით: არქიტექტორი; ურბანისტი; კონსტრუქტორი; დიზაინერი.
სადემონსტრაციო მასალის სახით წარმოდგენილი უნდა იყოს: საპროექტო არეალის არსებული მდგომარეობის აღწერა, ფოტოფიქსაცია, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, მიზეზების შეფასება; არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილი ვითარების ანალიზზე დაყრდნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და რეკომენდაციები; საპროექტო არეალის რეაბილიტაციის გადაწყვეტის ამსახველი ვიზუალური მასალა - ესკიზები, განშლები, ფოტომონტაჟი, რენდერები ან/და სხვა, შესაძლოა რამდენიმე ვარიანტი; გამოსაყენებელი სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალ(ებ)ის მითითებით; საპროექტო სამუშაოების ეტაპები (დეტალური აღწერა), ვადა და კალენდარული გრაფიკი; დანართი2,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად კი სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 თვეა განსაზღვრული.