ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტექნიკის მაღაზიებისა და დეველოპერების მხრიდან შიდა განვადების დანერგვის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, „ტექნო ბუმი“ მიმდინარე თვიდან მომხმარებლისთვის შიდა განვადების შეთავაზებას გეგმავს, რომელშიც კომპანიის დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის თქმით, ბანკი ჩართული არ იქნება. ამგვარი სერვისის დანერგვის მიზეზი, კი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გამო შემცირებული გაყიდვებია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქვეყნის მთავარი ბანკირი განმარტავს, რომ თუ შიდა განვადება თავისი არსით სესხი ან მასთან გათანაბრებული პროდუქტი იქნება, ამ მიმართულებით არსებული პირობების დაკმაყოფილება მოუწევს.
„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული თავისი ხასიათით, იქნება სესხის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და ზომებს მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა ზომა და გაქანება ექნება ამ მიმართულებას,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.