გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები და ჩვენ ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი ომბუდსმენის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი პრინციპებია, შემოდის ახალი ინსტიტუტი, რომლის მთავარი საზრუნავი გარემოსდაცვითი საქმიანობა იქნება. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი ქვეყანას დაეხმარება, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანოს.
„ჩვენ გვწამს, რომ მწვანე ეკონომიკას და მდგრად განვითარებას არ აქვს ალტერნატივა საქართველოსთვის. ეს არის გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზაცია, ეფექტურად ვებრძოლოთ სიღარიბეს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას და გადავცეთ ის მომავალ თაობებს. აუცილებელია, რომ ჩვენ ამავე დროს გადავდგათ პრინციპული და გაბედული ნაბიჯები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ავწიოთ საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტები, მივუახლოვოთ ის ევროპული ოჯახის სტანდარტებს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მე ჯერ კიდევ შარშან, როდესაც წარვადგინე სამთავრობო პროგრამა, განვაცხადე, რომ ჩვენ შემოვიღებდით გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ახალ ინსტიტუტს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მიგვეღწია მეტი ინკლუზიურობისთვის, მეტი ჩართულობისთვის. ეს ინსტიტუტი იქნება უმნიშვნელოვანესი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები და ჩვენ ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში გატარებულ უპასუხისმგებლო გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგებს ებრძვის.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების და ინტერესების იგნორირებამ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ვებრძვით ამ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, სადაც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ამ საქმით დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა.