„საპენსიო რეფორმით მთავრობამ ხალხის ხარჯზე მოძებნა გზა, მოაგროვოს ის იაფი ფული, რასაც ხელისუფლება და ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა"

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, დავით ბაქრაძემ და თენგიზ გუნავამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. საპენსიო სისტემიდან გასვლის შესახებ დეპუტატებმა განცხადებით სააგენტოს დღეს მიმართეს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოსახლეობის ინტერესს არ ემსახურება.

„ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, რაც არსებულ მოდელს გააჩნია, მისი იძულებითი ხასიათი არის. ადამიანებს არჩევანი არ აქვთ, მათ არ შეუძლიათ აარჩიონ, თუ სად დააბანდონ საკუთარი ფული, არ შეუძლიათ აარჩიონ, რა მოცულობის შენატანი შეიტანონ. ამიტომ, ჩვენ დემონსტრატიულად გავდივართ ამ სქემიდან, რათა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ გაიგოს, რომ მათ მინიმალური თავისუფლება იმაში მაინც აქვთ, ვისაც არ სურს საპენსიო სქემაში მონაწილეობა, შეუძლია დატოვოს სისტემა.

ეს საპენსიო სისტემა არ შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის ინტერესს, ვინაიდან პრაქტიკულად დღეს, ყოველგვარი გეგმის გარეშე ხდება მოსახლეობისგან აკრეფილი ფულის განთავსება კომერციული ბანკების ანგარიშზე. მთავრობამ მოძებნა გზა, ხალხის ხარჯზე მოაგროვოს იაფი ფული, რასაც ხელისუფლება, ივანიშვილი ჰპირდებოდა ხალხს. მთავრობამ გზა მოძებნა, რომ პირიქით, ხალხის ხარჯზე შეაგროვოს გრძელვადიანი იაფი ფული. ეს არ არის ის საპენსიო რეფორმა, რომელიც დაეხმარება ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას“, - განაცხადა ბაქრაძემ.