2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რამაც 0.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმელზე (1.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (1.1 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (2.8 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8 პროცენტი), თევზეული (13.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-22.3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1 პროცენტით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.4 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.2 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაში. ჯგუფში ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5 პროცენტი).