„ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება"

ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა და ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართულებით, საინფორმაციო აქტივობა გაიზარდოს.

"მოსახლეობის დანახარჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება - 50%-ზე მეტი. ამ დანახარჯების თითქმის 80%-ს შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე, იმ წამლებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უნდა მიიღოს ადამიანმა. სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც 2017 წელს დაიწყო, მართლაც მნიშვნელოვანი შვება უნდა მისცეს მოსახლეობას ამ მხრივ, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო ინტენსიური საინფორმაციო აქტივობები იმისათვის, რომ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ამ შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი დღეს. როგორც კი, ამ მხრივ აქტიურობა გაიზრდება, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავაფასებთ საჭიროებებს, ვნახავთ, სად არის ყველაზე მოთხოვნადი არეალები და ამ პროგრამას კიდევ უფრო გავაფართოვებთ," - განაცხადა დავით სერგეენკომ.