ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის 1-ლი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში, 192,541,326 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 205,351,610 ლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ბანკი საანგარიშო პერიოდში ზარალზე მუშაობდა. ეს ბანკებია: „სილქროუდ ბანკი“, „ხალიკ ბანკი“ და „პაშა ბანკი“.
ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 98,571,884 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 146,038,875 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 9,369,558 ლარი შეადგინა.
მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელმაც 1-ელ კვარტალში 73,350,879 ლარის ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 140,339,212 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა 8,500,000 ლარი გადაიხადა.
6,220,052 ლარიანი წმინდა მოგებით ჩამონათვალში მესამე ადგილზეა - „ტერა ბანკი“; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „კრედო ბანკი“ და „პროკრედიტ ბანკი“ იკავებენ. შესაბამისად, მათმა წმინდა მოგებამ 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 5,710,454 და 4,550,184 ლარი შეადგინა.
„პროკრედიტ ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „ქართუ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 4,137,873 ლარი შეადგინა, სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით მცირეა.
2019 წლის 1-ელ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.