ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება.
სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.