„საქართველოს ფოსტის შეძენით "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" არიან დაინტერესებულნი"

საქართველოს ფოსტის შეძენით "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" არიან დაინტერესებულნი, - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ფოსტის პრივატიზების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ფოსტის შეძენით უცხოური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი, "თიბისი ბანკთან" კი აქტიურად მუშაობენ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით.

"პროცესი მიმდინარეობს, ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ფოსტის განკერძოება. კომერციალიზაცია შემდგომი გაყიდვის მიზნით 2013 წელს დავიწყეთ. ყიდვით დაინტერესებულია ორი ადგილობრივი ბანკი - "თიბისი ბანკი" და "საქართველოს ბანკი", რომლებთანაც ასევე სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვმუშაობთ. ასევე დაინტერესებულია ელექტრონული კომერციით დაკავებული რამდენიმე კომპანია ,"- განაცხადა ჩიკვაიძემ.

საქართველოს ფოსტის დირექტორი პრივატიზების ზუსტ ვადას ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ ჯერ საჭიროა აუდიტის პროცესი დასრულდეს, რომელიც ფოსტის გასაყიდ ღირებულებას შეაფასებს.