2019 წლის ბოლომდე თბილისს 220 ერთეული, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი 8-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება.
ახალი ავტობუსების ფერს, როგორც თბილისის მერი აცხადებდა, მოქალაქეები შეარჩევენ. ამასთან დაკავშირებით, კალაძის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოკითხვა უკვე მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებს ხმის მიცემა და ავტობუსების სასურველი ფერის შერჩევა შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 220 რვამეტრიანი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად „ჯი-თი გრუპი“ გამოცხადდა. შესაბამისად, სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას საქართველოში. ავტობუსების გამოშვების თარიღი 2019 წელია. მათ მიერ გავლილი მანძილი კი 2 800 კმ-ს არ აღემატება.
ამასთან, „ჯი-თი გრუპთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ავტობუსების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 8 თვეა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 79 564 320 ლარი იყო, "ჯი-თი გრუპის“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 64 790 000 ლარია. ტენდერში „ჯი-თი გრუპის“ გარდა კიდევ 3 კომპანია მონაწილეობდა, ამათგან შპს „გრავიტას“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა.