თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება 7 მაისს 22:00 საათიდან 8 მაისის 08:00 საათამდე, 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 08:00 საათამდე და 9 მაისს - 14:00 საათიდან 20:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.