ვფიქრობ, რომ ჯერ მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში შეიძლება ვიყოთ და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ რამე სისტემური პრობლემა წარმოიშვას, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ტექნიკის მაღაზიების მიერ დაანონსებული შიდა განვადების კომენტირებისას განაცხადა.
კოვზანაძის თქმით, შიდა განვადება აპრობირებული მეთოდია და ამ ეტაპზე რაიმე პრობლემას ამ მიმართულებით ვერ ხედავს.
„შიდა განვადებები მსოფლიოში აპრობირებული ფორმაა და მრავალი კომპანია იყენებს. საქართველოშიც გარკვეულმა კომპანიებმა შეიძლება ისარგებლონ შიდა განვადებებით. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით რამე პრობლემა არ არის. ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ცენტრალურმა ბანკმა გარკვეული რეგულაციები შემოიღო და სწორი ნაბიჯები გადადგა, რადგან რეგულაციების არშემოღების შემთხვევაში საფინანსო და არასაბანკო ნაწილში შესაძლოა, სისტემური პრობლემები ჩამოყალიბებულიყო,“-აცხადებს კოვზანაძე.