კომერციულ ბანკებს ყველაზე მეტი მოვალე თბილისში ჰყავთ. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების 62%, ხოლო უცხოური ვალუტით - 82% დედაქალაქზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სულ 11 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის (11 681 250 000 ლარი) სესხი გაიცა. აქედან, 7 252 996 000 ლარი თბილისზე მოდის.
დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტი სესხი იმერეთში გაიცა. კერძოდ, 982 946 000 ლარი, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 8,4 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა აჭარა, ჯამში, 829 680 000 ლარის ოდეობის გაცემული სესხით, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 7,1%-ია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამეგრელო - ზემო სვანეთში კომერციულმა ბანკებმა 584 030 000 ლარის სესხი გასცეს, გურიაში - 90 577 000 ლარის, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11 861 000 ლარის, შიდა ქართლში - 427 753 000 ლარის, მცხეთა-მთიანეთში - 36 838 000 ლარის, კახეთში - 662 994 000 ლარის, ქვემო ქართლში - 511 336 000 ლარის, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 290 239 000 ლარის.
რაც შეეხება ბანკების მიერ საქართველოს მასშტაბით უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საერთო მოცულობას, აპრილის მდგომარეობით 15 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს (15 186 182 000 დოლარი), საიდანაც ყველაზე დიდი წილი, კერძოდ, 12 462 837 000 დოლარი, თბილისზე მოდის.
კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რაოდენობით შემდეგ ადგილზეა აჭარა, სადაც 1 373 581 000 დოლარის სესხი გაიცა (9%), მესამე ადგილს კი იმერეთი იკავებს. იმერეთში სულ 457 584 000 დოლარის სესხია გაცემული (3%).
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 259 664 000 დოლარს შეადგენს, გურიაში - 7 113 000 დოლარს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 357 000 დოლარს, შიდა ქართლში - 158 808 000 დოლარს, მცხეთა-მთიანეთში - 4 122 000 დოლარს, კახეთში - 166 234 000 დოლარს, ქვემო ქართლში - 224 234 000 დოლარს, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 71 647 000 დოლარს.