გაკონტროლდება როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ხორბლის ხარისხი - რას ითვალისწინებს ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი

„მზადდება პროექტი ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, რომლის თანახმადაც გაკონტროლდება, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ხორბლის ხარისხი" , - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხორბალი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რეგლამენტში გაწერილი იქნება, რა კატეგორიის ხორბალს მიეკუთვნება ადგილობრივი წარმოება და პურის მარკირებისას აღნიშნული იქნება როგორი ხარისხის პურს შესთავაზებს ადგილობრივი ბაზარი მომხმარებელს.

"ჩვენ გავაკეთებთ ხორბლის რანჟირებას კატეგორიების მიხედვით; პირველი, მეორე, მესამე და უმაღლესი კატეგორია. ქართული ხორბალი ძირითადად არის პირველი და მეორე კატეგორიის, უმაღლესი კატეგორია ფაქტობრივად, არ გვაქვს. აქ ძირითადად საუბარია წებოგვარაზე, ანუ ცილის შემცველობაზე, რომელიც ძირითადი ხარისხის პარამეტრია, თუმცა ვფიქრობ მასში უფრო მეტია ვიტამინები, ვიდრე უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებულ პურში. მთავარია, მომხმარებელი ზუსტად იყოს ინფორმირებული რა სახის ხორბალთან აქვს საქმე.

ამ კატეგოროების მიხედვით მოხდება პურის მარკირებაც, ანუ პურს ეწერება, რომ ეს დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ხორბლისგან ან პირველი ხარისხის ხორბლისგან, ან სხვა და ეს ამ რეგლამენტის შესაბამისად, უნდა იყოს ბოლომდე მიკვლევადი, რომ რაც იქ წერია, მართლაც ასეა, რადგან ახლა ამის კატეგორიზაცია არ არსებობს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

რაც შეეხება იმპორტირებულ ხორბალს, სოფლის მეორნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით გაკონტროლდება იმპორტირებული ხორბლის ხარისხი და ტრანსპორტირების პირობები.

"ასევე იმპორტის შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება, რა სახის და სტანდარტის ხორბალი შემოდის საქართველოში. ეს ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს ბაზარზე მიწოდების, მარკირების და ტრანსპორტირების პროცედურებს. იქ აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი პირობები, მაგალითად, უნდა იყოს სპეციალიზებული მანქანა, ტემპერატურა, ტენიანობა, ასევე ხორბლის ტრანსპორტირების შემთხვევაში ეს ტრანსპორტი არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა დაავადების გადამტანი ტვირთვისთვის, მაგალითად, ცოცხალი ცხოველების გადაზიდვისთავის, ან მიწით დაბინძურებული ხილისა და ბოსტნეულის გადაზიდვისათვის. ყოველი გადაზიდვის შემდეგ ტრანსპორტს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, რომ შემდგომი გადაზიდვისთვის ტრანსპორტი იყოს სუფთა და ეს შეეხება ყველა სახის ტრანსპორტს", -განაცხადა თენგის კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში მთავრობას განსახილველად გადაეგზავნება.

ავტორი - ალექსანდრა ისპირიანი