„თანხის უკეთ კონტროლი“ - რატომ იყენებენ შვეიცარიაში ისევ ნაღდ ფულს

მიმდინარე წლის მარტში შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) გამოუშვა ახალი, 1000-ფრანკიანი კუპიურა, რომელზეც ორი ადამიანი დედამიწის თავზე ერთმანეთს ხელს ართმევს. როგორც შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა განმარტა, ეს გამოსახულება კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობის მანიშნებელია.

მარტის დასაწყისში, SNB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფრიც ზურბრუგმა, კუპიურაზე ნაჩვენებ ნიშანზე მსჯელობისას, ნაღდი ფული შვეიცარიის კულტურულ ფენომენად მოიხსენია. მისი თქმით, 1000-ფრანკიანი კუპიურა „პასუხობს იმას, რაც ხალხს სურს“.

გამოცემა BBC-ს ინფორმაციით, შვეიცარიაში ნაღდი ფულით გადახდის მეთოდი დომინანტურია. სავარაუდოდ, შვეიცარიის ყველა მოქალაქის საფულეში მოიპოვება ნაღდი ფული მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ეკონომიკის გავლენები კიდევ უფრო იზრდება.

შვეიცარელების მიერ ნაღდი ანგარიშსწორების ჩვევასთან დაკავშირებით BBC დაკვირვების შედეგებსაც გვაცნობს. მაგალითად, თუ შვეიცარიის რომელიმე კაფეტერიაში ყავის შესაძენად შეხვედით, მაგრამ მხოლოდ 100-ფრანკიანი მოგეპოვებათ, ამის გამო უკან არავინ გამოგაბრუნებთ, არც ხურდის ძებნას დაიწყებენ, რადგან უპრობლემოდ შეიძენთ თქვენს ყავას. უცხოური გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიის კომერციული ბანკები ბანკომატიდან დღეში 5 000 ფრანკის გამოტანის შესაძლებლობას გაძლევთ. გარდა ამისა, რამდენიმე ათასის ღირებულების მქონე ავტომობილის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენაც ჩვეულებრივი მოვლენაა.

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეების ქცევაზე დაკვირვებაც განახორციელა. 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც გადახდის ქცევას სწავლობდა, 2000 შვეიცარიელიდან 70%-მა პროდუქციის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით განახორციელა, სადებეტო ბარათი 22%-მა გამოიყენა, საკრედიტო ბარათი კი 5%-მა. ამასთან, გადახდის ინოვაციური მეთოდები, მაგალითად, აპლიკაციები და უკონტაქტო ბარათით გადახდა შედარებით მცირე ნაწილმა გამოიყენა.

საერთაშორისო გაანგარიშების ბანკის განცხადებით, გლობალურ დონეზე ანგარიშსწორება ტრადიციულიდან ელექტრონულზე გადადის. სანამ შვეიცარიის მეზობელი სახელმწიფო გერმანიაც ნაღდი ანგარიშსწორების „მოყვარულად“ მიიჩნევა, სხვა ევროპული ქვეყნები, მაგალითად, შვედეთი და ნიდერლანდები ციფრულ მეთოდებზე გადადიან.

და მაინც, რატომ ურჩევნიათ შვეიცარიელებს ნაღდი ფული?

ამას ორი მიზეზი აქვს: შვეიცარიელების კულტურა და მათი რწმენა, რომ ნაღდი ანგარიშსწორებით თავიანთ ანგარიშებს და თანხას უკეთ აკონტროლებენ.

მიუხედავად ამისა, მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ შვეიცარიელების ეს ქცევა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება.

ისინი მიიჩნევენ, რომ მაგალითად, კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია შვეიცარიული სტარტაპებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ამ სიახლეების მიმართ ინტერესს კვლევებიც მოწმობს.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა