საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ 80-მდე კომპანიის წარმომადგენელს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები გადაეცათ.
დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაცით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა 130 საათიანი პრაქტიკული და თეორიული მომზადება გაიარეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად. ხოლო კურსის დასასრულს, მონაწილეებმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც სახელმწიფოსგან მოიპოვა უფლება მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ ეტაპზე სწავლებას ძირითადად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების ნუსხაში წარმოდგენილი კომპანიების უსაფრთხოების სპეციალისტები გადიან. 2019 წლის სექტემბრიდან, კანონის მიხედვით, სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ კომპანიაში დასაქმებული იყოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, შესაბამისად, გაიზრდება სასერტიფიკაციო პროგრამის გავლის მსურველთა რიცხვი, შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება კურსების ორგანიზება რეგიონებშიც,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.
დამსაქმებელთა ასოციაციაში აკრედიტებულ პროგრამას საერთაშორისო გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების ექსპერტები და ტრენერები უძღვებიან.
ამ ეტაპზე პროგრამას 200-ზე მეტი მონაწილე გადის, მათ შორის არიან როგორც კომპანიების წარმომადგენლები, ისე შრომის უსაფრთხოების სპეციალობის დაუფლების მსურველი ფიზიკური პირები.