ეროვნული ბანკი დაეთანხმა ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლოში განცხადების შეტანის მოთხოვნას.
კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რივალკრედიტზე“, რომელსაც სებ-მა რეგისტრაცია გასული წლის ნოემბერში გაუუქმა.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განკარგულებაშია აღნიშნული, სებ-ი ეთანხმება „რივალკრედიტის“ ლიკვიდატორის 2019 წლის 16 აპრილს განცხადებას, რომ ორგანიზაციის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანოს.
„აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“-აღნიშნულია განკარგულებაში.
ამასთან, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, წყდება შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ის ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან, ეროვნული ბანკი დაეთანხმა მისი საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნას.
„მიეცეს თანხმობა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს“-ს საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას; ორგანიზაცია „ემ ბი ეს“-ში შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს მამუკა ვარდიაშვილი. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. დოკუმენტი მხარისათვის მისი გაცნობისთანავე ამოქმედდეს,“-ნათქვამია პაპუნა ლეჟავას 24 აპრილის განკარგულებაში.