მალე "წითელ წიგნში" შეტანილი ჯონჯოლი "ჯონჯოლივით დაიყრება"

ჯონჯოლი - პიკანტური და ლამაზი­ მცენარეა. რაც მთავარია, ქართველებს უგემრიელესი მწნილის დამზადების მონოპოლია გვაქვს - როგორც კულინარიის ისტორიკოსები ამბობენ, ჯონჯოლის მწნილის შესახებ ინფორმაცია სხვაგან არსად გვხვდება.

არც ამერიკისა და აზიის იმ ნაწილში, სადაც­ ჯონჯოლი ხარობს... სწორედ ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ჯონჯოლის­ მწნილს­ უცხოეთში გატანის პერსპექტივა­ აქვს. ჩვენ ორი სახის ჩვენებური, "აბორიგენი" ჯონჯოლი გვაქვს, პირველი - კოლხური, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მეორე­ - ჩვეულებრივი, რომელიც ქართლსა და კახეთში იზრდება­. ორივე ჯიშს სამი რამ აქვს საერთო - გემო, ნიადაგის მიმართ უპრეტენზიობა და სილამაზე. და კიდევ ერთი: კოლხური ჯონჯოლი სიმცირის გამო "წითელ წიგნშია" შეტანილი, თუმცა ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში ისეთი კაცი ცხოვრობს, რომელიც მას ალბათ "წითელი წიგნიდან" გამოიყვანს. ეს გიორგი მანსურაშვილია - ახალგაზ­რდა მენერგე­, რომელმაც საქართველოში ფსტის ჯიშის ძვირფასი კაკალი პირველად­ შემოიტანა, დღეს კი უკვე ქართულ ჯონჯოლს აშენებს. რაც მთავარია, მისი დახმარებით ხალხმაც დაიწყო ჯონჯოლის მოყვანა.

- უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენნაირი ხალხი იშვიათია... ახალგაზრდა კაცმა­ სოფელში სანერგე მარტომ მოაწყვეთ, ქვეყანაში­ ყველაზე ძვირფასი ჯიშის ფსტის გამრავლებაც­ პირველმა დაიწყეთ, ახლა კი ჯონჯოლის გამრავლებას შესდგომიხართ. ეს ხომ "წითელ წიგნში" შეტანილი ჯონჯოლის გადარჩენას ნიშნავს.

- მიხარია, თუ რამე წვლილი შემაქვს ამ საქმეში. ყოველთვის შეცდომად მიმაჩნდა, როცა ჯონჯოლს მხოლოდ ტყეში კრეფდნენ და ბაღებში გამრავლებას არ ცდილობდნენ. ჩვენ ჯონჯოლისაგან ისეთ მწნილს ვამზადებთ, რატომ არ უნდა გვქონდეს ეს მცენარე საკუთარ ბაღში?! გარდა ამისა, ჯონჯოლი ულამაზესი მცენარეა - გაზაფხულზე აყვავებული განსაკუთრებული სანახავია. აი, ამ ყველაფრის გამო რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე ჯონჯოლის ნერგების გამოყვანა. ჯონჯოლი უპრეტენზიო მცენარეა, განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, სიკეთეს კი ბევრს გვაძლევს. მისი ნერგების გამოყვანის რამდენიმე მეთოდი არსებობს: თესლით და გადაწიდვნით, ამონაყარით და კალმით. ნერგის გამოზრდა, რასაკვირველია, თესლიდანაც შეიძლება, რადგან ჯონჯოლი ნებისმიერ ნიადაგზე ხარობს, გარდა ჭაობისა, მაგრამ საქმე ის არის, რომ თესლის ნერგი დაახლოებით სამი წლის შემდეგ ყვავილობს, გადაწიდვნით გამრავლებულმა კი ყვავილი შეიძლება მომდევნო წელიწადს გაიკეთოს. ამიტომ ვცდ­ილობ, ორივე ჯიში - კოლხურიც და ჩვეულებრივი ჯონჯოლიც - გადაწიდვნით გავამრავლო.

- რით განსხვავდება ეს ჯიშები ერთმანეთისაგან?

- ძირითადად, ყვავილის ფორმით. ჯონჯოლი ბუჩქოვანი მცენარეა და სამ მეტრამდე იზრდება. კოლხური ჯონჯოლი ბუჩქზე უფრო გრძელ და დიდ ყვავილების მტევანს იკეთებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯონჯოლი. ჩვეულებრივ ჯონჯოლს უფრო მოკლე ყვავილების მტევანი აქვს და უფრო ხშირს ისხამს. ვინც ჯონჯოლის ბაღს აშენებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ კულტურა მწკრივებში ორი მეტრის­ დაშორებით­ დარგოს, მწკრივებს შორის მანძილი კი დაახლოებით 3-3,5 მეტრი დატოვოს.

- ჯონჯოლის ბაღებს ვინმე აშენებს?

- საბედნიეროდ, დაიწყეს. წელს ჯონჯოლის ნერგები იმერეთსა და კახეთში წაიღეს ბაღების გასაშენებლად. ჯონჯოლის ბაღები სწორედაც უნდა გავაშენოთ, რადგან ის კარგ შემოსავალს იძლევა. წელს, მაგალითად, კილოგრამი ჯონჯოლის ჩაბარების ფასი 4 ლარია. ჩემი ბაღიდან 4 ლარად უკვე 800 კილოგრამი ჯონჯოლი ჩავაბარეთ. თითო კილოგრამი ჯონჯოლისგან თითო კილოგრამი მწნილი მზადდება. კრეფაში მთელი ოჯახი მეხმარება, ბიძაშვილების ჩათვლით. ჯონჯოლი ძნელი მოსაკრეფი არ არის და ქალებიც ადვილად კრეფენ.

- მითხარით, რომ ჯონჯოლის მოვლას განსაკუთრებული არაფერი სჭირდება, თუმცა, ალბათ, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს რამდენიმე ჯონჯოლის ხე აქვს, ბაღი, ალბათ, მეტ მუშაობას მოითხოვს.

- ბაღს, ცხადია, აგროტექნიკური ღონისძიებები მხოლოდ წაადგება, მაგალითად, რიგთა შორის ნიადაგის დამუშავება, გასხვლა, მავნებლებისაგან დაცვა და ა.შ. თუმცა, დღესდღეობით ჯონჯოლის ბაღის მოვლისას ყველაზე აუცილებელ სამუშაოდ მხოლოდ ბაღში ბალახის მოთიბვა ითვლება, რომელსაც იქვე ტოვებენ. რაც შეეხება მავნებელს, ის ჯონჯოლს იშვიათად ჰყავს, მაგრამ თუ გაუჩნდა, შეწამვლა უსათუოდ დაეხმარება. ჯონჯოლის ბაღში ქერისა თუ ჭვავის ჩათესვა ძალიან სასარგებლოა, რადგან ეს მარცვლეული ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. ისე კი, როგორც გინდა იყოს, ჯონჯოლი ყვავილობას არ დააყოვნებს, ჩვენთვის საჭირო კი სწორედ ყვავილია.

წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 6 მაისის ნომერში ან

გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად