„სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით მიღებული შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე პენსია-დახმარებებიდან მიღებული“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი მაკალათიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
წლებია უკვე ტენდენციად იქცა, რომ ნათესი ფართობები და სხვადასხვა კულტურის წარმოება მცირდება. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც სამომხმარებლო კალათში შედის და სასურსათო უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. ბევრი პრობლემაა სოფლის მეურნეობაში, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა, სარწყავი სისტემები, აგროდაზღვევა, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ფინანსებია.
გლეხი და ფერმერი, რომელიც დღეს მიწას თოხითა და ბარით ამუშავებს და ასე მოჰყავს მოსავალი, ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე ტექნოლოგიებით მოყვანილ იმპორტირებულ პროდუქციას. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, თურქეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია გენმოდიფიცირებულია, დაბალი ხარისხისაა და გემოთიც ჩამორჩება ადგილობრივ პროდუქციას - ის ან დაბალი ფასით იმკვიდრებს ადგილს, ან უკონკურენტო პირობებშია მაღალი ფასითაც, რადგან ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქცია აღარ არის. ასე რომ, სუბსიდირებას ერთჯერადი ეფექტი აქვს. ერთეულებს, კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება დაეხმარა, მაგრამ დარგის განვითარებას ამან ბიძგი ვერ მისცა. ფაქტობრივად, წყალში გადაყრილია 2 მილიარდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასე ფულის ხარჯვა კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს,“ - აცხადებს მაკალათია „კვირის პალიტრასთან“.