მსოფლიოს კინოთეატრებში გამოსვლიდან მეათე დღეს „შურისმაძიებლები: დასასრული“-ს შემოსავლებმა 2-მილიარდიანი ზღვარი გადალახა. ის გახლავთ მსოფლიო კინოინდუსტრიაში მეხუთე ფილმი, რომელმაც 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ის ამავდროულად არის 2 მილიარდამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ფილმი კინოსამყაროში.
„შურისმაძიებლები: დასასრულის“ გლობალური შემოსავლები გამოსვლიდან 10 დღის განმავლობაში 2,188.7 მილიარდი დოლარია, აქედან აშშ-ზე მოდის 620 მილიონამდე, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე.
ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მეორე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ 2009 წელს გამოსულ „ავატარს“, რომლის ანგარიშზეც 2,78 მილიარდი დოლარია. ამ ნიშნულის მისაღწევად „ავატარს“ 4 თვე დასჭირდა, ხოლო იმ ტემპის გათვალისწინებით, როგორითაც იზრდება „შურისმაძიებლები: დასასრულის“ სალარო შემოსავლები, არ არის გამორიცხული, რომ ის კინოთეატრებში როტაციის (სულ ცოტა სამი თვის განმავლობაში) დასასრულისთვის, ახალ რეკორდულ ნიშნულს - 3-მილიარდიან სალარო შემოსავალს მიაღწევს.
„შურისმაძიებლები: დასასრულის“ შემდეგ რეიტინგში მოდიან „ტიტანიკი“ - 2,18 მილიარდით; „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ - 2,06 მილიარდით და „ორმილიარდერთა კლუბს" აგვირგვინებს გასულ წელს გამოსული „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ - 2,04 მილიარდით.
აღსანიშნავია, რომ ფილმი დიდი წარმატებით გადის ქართულ კინოთეატრებშიც და მასზე დასწრება მეორე კვირისთვის მაინც მაღალია.