მანქანები, რომლებიც თბილისში 2 კვირის მანძილზე იდგა სოციალური მომსახურების ცენტრებთან, რამდენიმე დღის წინ უკან გაიხმეს ჯანდაცვის სამინისტროსთან,- ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე ქეთევან ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოციალურმა მუშაკებმა ამაზე საჯაროდ დაიწყეს საუბარი, გუშინ მანქანები ისევ სოციალური მომსახურების ცენტრებთან დააყენეს.
გარდა ამისა, მისი თქმით, კახეთის რეგიონისთვის გამოყოფილი მანქანა გაფუჭებულია, ხოლო აჭარის რეგიონისთვის საერთოდ არ გამოუყვიათ. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, გადაუდებელი შემთხვევების დროსაც კი, აღნიშნულ რეგიონებს მანქანა არ ემსახურება.
„თავდაპირველად დაპირება არ ასახავდა სოციალურ მუშაკთა ყველა მოთხოვნას. უბრალოდ მოთხოვნები, რომელიც შევიდა ე.წ. 4 პუნქტიან გეგმაში, პირველ ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი, თუკი დანარჩენებზე გაიწერებოდა გრძელვადიანი მოგვარების სქემა.
როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ გადაუდებელი საჭიროების დროს, სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილი იქნებოდნენ სატრანსპორტო საშუალებებით, მანქანები, რომლებიც თბილისში 2 კვირის მანძილზე იდგა სოციალური მომსახურების ცეტრებთან, რამდენიმე დღის წინ უკან გაიხმეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. სოციალური მუშაკები გადაუდებელი საჭიროების დროს იძულებულები იყვნენ და ახლაც არიან, რომ დაუკავშირდნენ ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს. სოციალური მუშაკი გადაუდებელ შემთხვევებზე უნდა ელოდებოდეს, წერეთლის 144 ნომრიდან თბილისის რომელიმე გარეუბანში როდის წავა მანქანა. მანქანები უკვე წაიყვანეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ საჯაროდ დავიწყეთ წერა, გუშინ მანქანები ისევ უკან მოიყვანეს, თუმცა, არ ვიცით ამ არასტაბილურ გარემოში, როდის შეიძლება უკან წაიყვანონ ეს მანქანები.
ასევე, კახეთის რეგიონში გადაეცათ მანქანა, რომლითაც სოციალურმა მუშაკებმა რამდენჯერმე ისარგებლეს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მანქანა დღეს არის გაფუჭებული და მთელი კახეთის რეგიონი არის მანქანის გარეშე. ასევე, მანქანა არ გამოუყვიათ აჭარისთვის, აჭარაში, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურ მუშაკებს სამკვდრო-სასიცოცხლო შემთხვევაშიც კი არ ემსახურებათ არც ერთი მანქანა,"- განაცხადა ხუციშვილმა.
სოცმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ტრანსპორტის გარდა, სხვა პრობლემებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სოცმუშაკები ამ დრომდე საკუთარი ხელფასის ნაწილს ხარჯავენ იმაში, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტების განხორციელება შეძლონ.
„ამასთანავე, გარდა გადაუდებელი შემთხვევისა, სოციალური მუშაკი თვის მანძილზე დაახლოებით მიდის 30-100 შემთხვევაზე, რომელიც შეიძლება არ იყოს სასწრაფო და ნახევარ საათში მისასვლელი, მაგრამ სოციალური მუშაკის ვალდებულებაა, რომ ეს განახორციელოს. როგორც ადრე, ისე ახლაც, არანაირი მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ სოციალურმა მუშაკმა თავისი გეგმური ვიზიტი, თავისი სამუშაო შეასრულოს ისე, რომ მას საკუთარი ხელფასიდან ნახევრის გადახდა არ მოუწიოს გზაში. მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ რეგიონში სოციალური მუშაკის ხელფასი 640 ლარია, ეს არის ტყუილი, რადგან ისინი დაახლოებით 200-დან 400 ლარამდე ხარჯავენ გზაში. გარდა ამისა, თბილისს ერთადერთი ფსიქოლოგი ემსახურება და არ განიხილება ერთზე მეტი ფსიქოლოგის დამატება. მთელ საქართველოში 10 ფსიქოლოგია და ამატებენ ერთადერთ ფსიქოლოგს, რაც არის ძალიან საგანგაშო,"- განაცხადა ხუციშვილმა.