მიკროავტობუსები სწრაფ რეჟიმში უნდა განახლდეს, სხვა გამოსავალი მათ ჩვენ არ დავუტოვეთ, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ჟურნალისტებს გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
როგორც მუმლაძემ აღნიშნა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარმოადგენს გეგმას, რა ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოიშობა მიკროავტობუსებთან მიმართებაში.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც უკავშირდება ძველი ტრანსპორტრის გამოცვლას. ჩვენ დავგეგმეთ და ვთქვით, რომ 2019 წელს ყვითელი ავტობუსი აღარ იქნება დედაქალაქში. მთავარია ახლა მთავრობამ ვალდებულება შეასრულოს და ავტობუსების მოწოდება განახორციელოს. რაც შეეხება ტექინსპექტირებას, რა თქმა უნდა, სავალდებულოა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაკუთრებული მიდგომაა და წელიწადში ორჯერ უწევთ ტექინსპექტირების გავლა. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, რომლებსაც გავლილი არ აქვს ტექნიკური დათვალიერება, ისინი ქალაქში ვერ მოძრაობენ. ჩვენი პოლიტიკის და რეფორმის ნაწილია, რომ მიკროავტობუსები სწრაფ რეჟიმში უნდა განახლდეს. სხვა გამოსავალი მათ ჩვენ არ დავუტოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაა. უახლოეს პერიოდში ვიტყვით მიკროავტობუსებთან მიმართებაში რა ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოიშობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომპანია „სისტრას“ კვლევის დასკვნა, რომელსაც ველოდებით კონკრეტულად მიკროავტობუსებთან დაკავშირებით - თუ რა სახელშეკრულებო პირობები უნდა ჩამოვაყალიბოთ და როგორ უნდა გადავხედოთ მათთან ურთიერთობას. რა ვადები უნდა განისაზღვროს რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა მუმლაძემ.
ცნობისთვის, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის სლოგანია - „ხმა აიმაღლე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, ხოლო თემა - „ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რაც საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორების ლიდერობითა და გაერთიანებული ძალისხმევით ქვეყანაში გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს.