FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში ეხმარებიან

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე კარტოფილის მეურნეობაში საველე-სასწავლო ტურს უმასპინძლა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, ღონისძიება კარტოფილის მწარმოებელი ფერმერებისთვის, ახალქალაქის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის პრაქტიკანტი სტუდენტებისთვის გაიმართა.

მონაწილეებმა დაათვალიერეს შპს „მზიანი მოსავალი“-ს 60 ჰექტარზე გაშენებული კარტოფილის მეურნეობა, რომელიც ქართული ჩიფსის - „FRIXX”-ის მწარმოებელ მსხვილ გადამამუშავებელ კომპანიას, შპს „Wellington”-ს ამარაგებს. ღონისძიების მასპინძლებმა სტუმრებს ინფორმაცია გაუზიარეს კარტოფილის წარმოების ყველა ფაზასთან დაკავშირებით, რაც მოიცავდა მიწის ნაკვეთის მომზადებას, თესვას, ირიგაციას, მავნებლებისგან დაცვას, მოსავლის აღებას და მოსავლის აღების შემდგომ ღონისძიებებს. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ტექნიკურ აღჭურვილობაზე და მანქანა-დანადგარებზე, რომელთა გამოყენებაც კარტოფილის წარმოების პროცესში ხდება.

შეხვედრა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელსაც FAO ახორციელებს ENPARD-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში და მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებისა და არსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით.

სტრატეგიის მიხედვით, აღნიშნული ცენტრები საბაზრო მოთხოვნაზე ორიენტირებულ პლატფორმად უნდა ჩამოყალიბდეს, რაც ფერმერთათვის რელევანტური ტექნიკური კონსულტაციების მიწოდებას უზრუნველყოფს. მიზნის მისაღწევად FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, დაწყებულია კარტოფილის, ხორბლის, სიმინდის, კიტრის, ბადრიჯნისა და ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას მხარს უჭერს ENPARD პროგრამის მეშვეობით. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფოკუსი სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე კეთდება (რაც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს მოიცავს). ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge