აშშ თურქეთს მოუწოდებს, რომ  კვიპროსის ეკონომიკური ზონის საზღვაო შელფზე ბურღვები არ დაიწყოს

აშშ-ში პროვოკაციულად მიიჩნევენ თურქეთის განცხადებას, დაიწყოს საზღვაო შელფის ბურღვა კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში და მის შეჩერებას მოითხოვენ. ამის შესახებ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული თურქეთის განცხადებით, დაიწყოს კვიპროსის ეკონომიკურ ზონის საზღვაო შელფზე ბურღვები. ეს ნაბიჯი არის უმაღლესი დონის პროვოკაცია და შესაძლოა, რეგიონში დაძაბულობა გამოიწვიოს. ჩვენ დაბეჯითებით მოვითხოვთ თურქეთის ხელისუფლებისგან, შეწყვიტოს ეს ოპერაცია“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

კვიპროსის ეკონომიკური ზონის ზღვის შელფზე ნაპოვნია ბუნებრივი აირის დიდი საბადო. 2011 წელს ამერიკულმა კომპანიამ Noble Energy-მ საბადო „აფროდიტას“ აღმოჩენის შესახებ განაცხადა. მაშინვე ცნობილი გახდა მარაგების მოცულობა - 140 მილიარდი კუბური მეტრი. ამ საბადოს საზღვრებს კი ანკარა სადავოდ ხდის და იქ გააგზავნა მბურღავი გემი „ფატიხი“, რომელიც შაბათიდან ადგილზე იმყოფება. თურქეთი აცხადებს, რომ ბურღვითი სამუშაოები 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კოკა კვირკველია