სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი მიშელაძესთან და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტში კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდნენ და ტექნიკა გადასცეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90% -იანი თანადაფინანსებით მიიღეს ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

კოოპერატივებს, რომლებშიც გაწევრიანებულია 200-ზე მეტი მეპაიე, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 1700-ს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 3500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას.

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.