მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 258 000 ლარი დაიხარჯება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 258 000 ლარს დახარჯავს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით გამოქვეყნდა. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, კვლევას კომპანია გამარტივებული შესყიდვით განახორციელებს.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მიეცეს უფლება, მეტროსადგურების რეაბილიტაციისა და კაპიტალური შეკეთების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის აუცილებელი კვლევითი სამუშაოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 258 000 ლარის ფარგლებში“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

ცნობისთვის, მეტროპოლიტენის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება და მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდება.

მეტროპოლიტენის რეაბილიტაციისთვის, ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, საიდანაც მხოლოდ ძალოვანი კაბელების და სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებაზე 15 მლნ დოლარი დაიხარჯება.