დღეისათვის ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ - ინიციატივის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, “აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, რაც საქართველოსა და ევროპელი მეგობრების საერთო ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა.
„დღეისათვის საქართველოს ამოქმედებული აქვს “აღმოსავლეთ პარტნიორობით” გახსნილი თითქმის ყველა შესაძლებლობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა; გაღრმავებული სექტორული თანამშრომლობა; ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში ჩართვა და ა.შ. შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის ისეთი უნიკალური ფორმატები როგორიც არის უმაღლესი დონის დიალოგი და უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი.
ამ მიღწევებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც დღეს.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მრავალმხრივმა პროცესმა განაპირობა უამრავი პოზიტიური ცვლილება და დღესაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაციასთან, საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნასთან. განხორციელებულმა კომპლექსურმა რეფორმებმა, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დამკვირდებამ, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებამ, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვამ და ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველო “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის” წარმატების მაგალითად აქცია. ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის” ინსტრუმენტები ეხმარება მთავრობას შექმნას ახალი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ყურადღება გამახვილებულია იმ შედეგებზე, რაც საქართველოს პარტნიორობამ მოუტანა.
„განსაკუთრებით ხაზგასასმელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ გადაწყვეტილებას პრაქტიკული დანიშნულების გარდა გააჩნია უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა და წარმოადგენს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უკვე ისარგებლა ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი საზოგადოება პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და მომავალშიც უამრავი ქართველი ისარგებლებს ამ სიკეთით. ევროკავშირში ინტეგრაცია და და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინსტრუმენტები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციის და განვითარებას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის იმპლემენტაციით საქართველომ შეძლო ექსპორტის დივერსიფიკაცია, ბიზნესის/მეწარმეობის განვითარება, ახალი ბაზრების ათვისება და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. შედეგად დღეისათვის ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი, საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია.
უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართულებით, ისე უსაფრთხოების კუთხით პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერების გზით, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლით უსაფრთხოების სექტორის რეფორმით და ა.შ..“,- ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობა” უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთიერთკავშირის განსავითარებლად ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში, რაც, თავის მხრივ, ევროპასა და აზიას შორის ახალი, ალტერნატიული მარშრუტების შექმნასა და საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტირების განვითარებას უწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T), რომლის საინვესტიციო პაკეტში საქართველო 18 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით არის წარმოდგენილი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობამ” შექმნა უნიკალური შესაძლებლობები ხალხთაშორისი კონტაქტების და საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების შორის კავშირების განმტკიცებისთვის. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რომელიც გასულ წელს თბილისში დაფუძნდა და წარმოადგენს პლატფორმას ახალგაზრდების დაახლოებისა და მათთვის ევროპული სტანდარტების განათლების მიღებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირის „ერასმუს+“-ის, „შემოქმედებითი ევროპის“, „ჰორიზონტი 2020“ პროგრამებში ჩართულობას მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ახლახანს საქართველო გაწევრიანდა ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA), რაც ერთი მხრივ წარმოადგენს საქართველოს ძალისხმევის აღიარებას განათლების დარგში და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში განათლების ხარიხის შემდგომ გაუმჯობესებას. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, თავისი თვითმყოფადი კულტურით ევროპის კულტურული სივრცის ნაწილია და ევროკავშირი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კულტურის განვითარებასა და წარმოჩენას“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შემდგომ წარმატებას მაქსიმალურად ხელს უწყობს, მიესალმა და უერთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის საზეიმო აღნიშვნას. სწორედ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება მიმდინარე წელს დაგეგმილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია.
„დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარების მნიშვნელოვან მიჯნაზე ვიმყოფებით - ჩვენ ყველამ ერთად - ევროკავშირმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა რეალისტურად უნდა შევაფასოთ, თუ რას მივაღწიეთ გასული ათი წლის განმავლობაში და დავგეგმოთ 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის განვითარების მომავალი და ახალი ეტაპები, რომელიც ინკლუზიურობასთან ერთად დაფუძნებული იქნება დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის" პრინციპებზე და სრულად გაითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების ინდივიდუალურ მისწრაფებებს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუსტად 10 წლის წინ - 2009 წლის 7 მაისს - ევროკავშირმა და აღმოსავლეთ ევროპულმა ექვსმა პარტნიორმა ქვეყანამ (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) საფუძველი ჩაუყარეს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ - ინიციატივას. აღნიშნულმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის როგორც ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებების განხორციელების გათვალისწინებით, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. ამ ათი წლის განმავლობაში ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევით რეგიონში შეიქმნა უამრავი ახალი შესაძლებლობა, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების, ხალხთაშორის კავშირების გააქტიურების, ასევე ურთიერთკავშირების გაძლიერებისთვის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის სფეროებში და სხვა.