ირაკლი ალასანია: ვფიქრობ, რომ ტრაგიკული, ძალიან დიდი ფინანსური ზიანი საქართველოს არ ექნება

რუსეთის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებით საქართველოს ძალიან დიდი ფინანსური ზიანი არ ექნება.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან.

"ეს დეკლარირებულად განაცხადა რუსულმა მხარემ. ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ მსოფლიო სავაჭრო წესებით ვიხელმძღვანელებთ. ორივე მხარე არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. აქედან გამომდინარე, ამ რეგულაციებით მოხდება ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება. მგონია, რომ ჩვენს პროდუქციას უფრო დიდი მომავალი აქვს და უფრო დიდი გასაღება ექნება ევროპულ ქვეყნებში. ასოცირების შეთანხმება სწორედ ამის საშუალებას მოგვცემს, ორიენტირებული ვიყოთ ძირითად ახალ ბაზრებზე. ვფიქრობ, რომ ტრაგიკული, ძალიან დიდი ფინანსური ზიანი საქართველოს არ ექნება", - განაცხადა ალასანიამ.

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.