რატომ არ სჯერათ ქართველ ფერმერებს, რომ მარწყვი ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას შეძლებს

მარწყვის ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილს არ სჯერა, რომ ქართული პროდუქტი ევროპის ბაზარზე საკუთარ ნიშას დაიკავებს. როგორც ფერმერული მეურნეობა Adina-ს ხელმძღვანელი East fruit-თან საუბრისას აცხადებს, პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, ყველაზე ოპტიმალური რუსეთის ბაზარია.

ადგილობრივი ფერმერული მეურნეობა Adina 2012 წელს სამტრედიის რაიონში დაფუძნდა. კომპანიას 4 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებული აქვს ჟოლოს ბაღები, ხოლო 2 ჰექტარზე სათბური, საიდანაც 1,5 ჰექტარი - მარწყვს, 0,5 ჰექტარი კი კენკროვან ნარგავებს უკავია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნატალია ცქიტიშვილი East fruit-თან საუბრისას აცხადებს, სათბურის პროდუქტის აღება აპრილის მეორე ნახევრიდან იწყება, თუმცა მანამდე მცირე მოცულობები იკრიფება. მისი თქმით, სწორედ მცირე რაოდენობის გამო, პროდუქტის ტრანსპორტირება არარენტაბელურია, ამიტომ მარწყვი ადგილზე შედარებით დაბალ ფასში იყიდება. მას შემდეგ კი, რაც პროდუქტის მასიურად აღება იწყება, მაისიდან-ოქტომბრამდე, წინასწარ შეთანხმებულ კლიენტებს მარწყვი რეგულარულად მიეწოდებათ.

რაც შეეხება ექსპორტს, ნატალია ცქიტიშვილის თქმით, მას სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, არ აქვს ილუზია, რომ ქართული ახალი მარწყვი ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მარწყვის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთია. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპასთან შედარებით, სწრაფი ტრანსპორტირებაა.

გარდა ამისა, როგორც ნატალია ცქიტიშვილი აღნიშნავს, მაწყვის სეზონი რუსეთში, საქართველოსთან შედარებით, ერთი თვით გვიან იწყება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ამ პერიოდში პროდუქტი ექსპორტზე შედარებთ მაღალი ფასით გავიდეს.

ნატალია ცქიტიშვილის თქმით, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის ერთწლიან გეგმებში რუსეთის ბაზრის ათვისებაა.

ნინი ქეთელაური