ანაკლიის პორტში პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას. ერთადერთი პრობლემაა, რომ დღეს სამუშაოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ინტერპრესნიუსს" ანაკლიაში სტუმრობის კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და მისი საჭიროების მიმართ კითხვის ნიშნები არაა.
„პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალი ავითვისოთ. ჩვენი და, დარწმუნებული ვარ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილია, რომ აქ იყოს გაჩაღებული სამშენებლო სამუშაოები,"-აცხადებს ცქიტიშვილი.
კითხვაზე, რატომ არ ესტუმრა მინისტრი აქამდე ანაკლიას, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს და ის არაა ყველგან ნამყოფი.
„მთავრობის დაფინანსებით წელს 6000 პროექტია დაგეგმილი, მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები და მე ნამდვილად არ ვარ ყველა პროექტზე ნამყოფი. ჩემი დათვალიერება არ განსაზღვრავს ამ პროექტის წარმატებულობას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველი სტუმრობაა ანაკლიაში. მან პორტის ტერიტორია შესაბამისი ეკიპირებით დაათვალიერა.