ქართული ჩაის მწარმოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს საგურამოში გაიხსნა. კომპანია ქართულ და უცხოურ ბაზარზე 12 სახეობის ჩაის აწარმოებს და წარმოდგენილია პრემიუმ ხარისხის, ორგანული და ნატურალური ქართული ჩაის ასორტიმენტით.
საწარმო „მანნას“ ცნობით, „სინერჯი კაპიტალსა“ და „მანნას“ შორის გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ინვესტიციით „სინერჯი კაპიტალი“ ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე ოპერირებულ, წარმატებულ ახალ კომპანიას ზრდასა და განვითარებაში. სტრატეგიული განვითარების მხრივ „სინერჯი კაპიტალის“ მთავარი როლი არსებული სტრუქტურის, სამოტივაციო სისტემების და ბიზნეს-პროცესების გამართვაში აისახება, რაც სტიმულს მისცემს „მანნას“ ბაზარზე განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას - მისი ბრენდის დანერგვას, როგორც ადგილობრივი, ასევე ექსპორტის მიმართულებით.
„მანნას“ დანიშნულებაა ახალი, უნიკალური არომატების შექმნა, რის შემდეგაც განსხვავებულ და სასიამოვნო გემოვნების, ხარისხიან ქართულ ჩაის გაასინჯებს და შეაყვარებს რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
კომპანია „მანნას“ დირექტორის, ირაკლი ღურჭუმელიას განაცხადებით, „სინერჯი კაპიტალს“ გააჩნია კომპანიების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება, შესაბამისად „მანნაში“ მათი გამოცდილების დანერგვა და დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება ხელს შეუწყობს კიდევ ერთი წარმატებული ქართული კომპანიის განვითარებას.