წელს შესაძლოა, ბაზარზე დიაბეტური ქართული ნაყინი გამოჩნდეს - რა სიახლეებს სთავაზობენ მწარმოებლები მომხმარებლებს

ნაყინის სეზონს ადგილობრივი კომპანიები სიახლეებით ხვდებიან.

როგორც პროდუქტის მწარმოებლები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, წელს მომხმარებლებს ახალ, რამდენიმე დასახელების ნაყინს შესთავაზებენ. ამასთან, ზოგიერთი კომპანია დიაბეტური ნაყინის წარმოებასაც გეგმავს.

„გურჯაანის ნაყინი“, რომელიც დღეისთვის მომხმარებლებს 35-მდე სახეობის ნაყინს სთავაზობს, წელს კიდევ ერთს დაამატებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გურამ ბერეკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ახალი პროდუქტი ბაზარზე 1 თვეში გამოჩნდება და რაც მთავარია, მისი ფასი კომპანიის სხვა პროდუქტების ღირებულებას არ აღემატება.

„გასულ წელს ჩვენ შემოვიტანეთ ახალი, ძვირად ღირებული დანადგარი, რომლის საშუალებითაც რამდენიმე ახალი დასახელების ნაყინი უკვე გამოვუშვით. ისეთი, როგორიცაა: „ვარსკვლავა“,“ ხვეული“ და ახალი სეინდვიჩი. ახლა უკვე ვემზადებით, რომ კორნეტოები გამოვუშვათ. მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ახალი პროდუქტი დაახლოებით, 1 თვეში უკვე გაყიდვაში იქნება.

რაც შეეხება ფასებს, იგივე დარჩება, რაც წლების განმავლობაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეული გვიძვირდება, ვინარჩუნებთ ხარისხსაც და ფასებსაც. ახალი ნაყინის კონკრეტულ ღირებულებას ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ ის ძველი ფასის ანალოგიური იქნება“,-აცხადებს გურამ ბერეკაშვილი.

როგორც „გურჯაანის ნაყინის“ დირექტორი აღნიშნავს, კომპანია დიაბეტური ნაყინის გამოშვებასაც გეგმავს და დიდი ალბათობით, მომხმარებელს ამ სიახლესაც მიმდინარე სეზონზე შესთავაზებს.

„ამ ეტაპზე დიაბეტური ნაყინი არ გვაქვს, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მის წარმოებაზე ვფიქრობთ. დიდი ალბათობით, აღნიშნულ სახეობასაც წელსვე დავამატებთ“,-აცხადებს გურამ ბერეკაშვილი.

მომხმარებელს 3 სიახლეს სთავაზობს „ბარამბოს“ ნაყინიც. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ახალი პროდუქცია უკვე 2 კვირაა გაყიდვაშია და საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია.

„წელს 3 სიახლე გვაქვს. კერძოდ, შოკოლადის ესკიმო სეზამის მარცვლებით, ასევე კონუსის მიმართულებით, ვანილი - მარილიანი კარამელით და მესამე ხაზი გვაქვს ცოცხალი ხილის სახეობებში, რომელიც შარშანვე გვქონდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი იყო, ამ კატეგორიაში დავამტეთ ცოცხალი ტყის კენკრა. ახალი პროდუქცია უკვე 2 კვირაა გაყიდვაშია“,-აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, „ბარამბო“ ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე სახეობის ნაყინს აწარმოებს. რაც შეეხება ფასს, პროდუქტის ღირებულება არც წელს გაიზრდება.

„ღირებულება არ შეცვლილა, ყველანაირად შევეცადეთ, რომ იგივე ფასი დაგვეტოვებინა, რა თქმა უნდა, უცვლელ ხარისხთან ერთად. რაც შეეხება დიაბეტურ და დიეტურ ნაყინს, მისი წარმოება ამ ეტაპზე კომპანიის გეგმებში არ შედის“-აცხადებენ „ბარამბოში“.

მომხმარებლებისთვის სიახლეები აქვს „თოლიასაც“. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენჯერი, სანდრო ლომთათიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სეზონს ერთი ახალი სახეობის ნაყინითა და სანაყინეების გაზრდილი რაოდენობით ხვდება.

„თოლიას“ სანაყინეების მიმართულებით გვაქვს სიახლეები. 2 ახალი ობიექტი გავხსენით ბათუმში. ასევე, თბილისში, კუს ტბაზე. სავარაუდოდ, 1 თვეში კიდევ ერთი სანაყინე გაიხსნება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტ ლოკაციას ვერ გეუბნებით.

რაც შეეხება თვითონ პროდუქციას, საოჯახო ნაყინის მიმართულებით სიახლე გვაქვს 1 კილოგრამიან შეფუთვაში, სადაც 3 გემო გაერთიანდა. კერძოდ, ვანილი, შოკოლადი და მარწყვი“,-აცხადებს სანდრო ლომთათიძე.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს, „თოლიას“ ამჟამად 18 სანაყინე და 58 დასახელების ნაყინი აქვს. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, მიმდინარე სეზონზე უცვლელი დარჩება.

ნინი ქეთელაური