„მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე მონიტორინგი უნდა გამკაცრდეს“ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ რეკომენდაციას გარემოს დაცვის კომიტეტიც იზიარებს.
ამის შესახებ, კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ, გამოქვეყნებული თემატური მოკვლევის შედეგებშია აღნიშნული.
ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.
„გარემოს კომიტეტი იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას, რომ გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარემოს კომიტეტს 2 თვის ვადაში წარუდგინოს სამოქმედო გეგმა და ღონისძიებათა ჩამონათვალი ამ რეკომენდაციის შესასრულებლად. მონიტორინგის მექანიზმი უნდა მოიცავდეს წინასწარ გაწერილ და ჩამოყალიბებულ მეთოდოლოგიას და ასახელებდეს მონიტორინგზე პასუხისმგებელ ერთ კონკრეტულ უწყებას. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მსგავსი ინსტიტუტია,“-აღნიშნულია ანგარიშში.