„მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია 200 ავტობუსის შემოყვანა, აქედან 100 იქნება ელექტრო"

მომავლი წლისთვის უკვე დაგეგმილია დამატებით 200 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, MAN-ის ფირმის ახალ 10-მეტრიან ავტობუსების წარდგენისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს დედაქალაქში 100 ელექტროავტობუსი შემოვა.

„100 იქნება გაზზე მომუშავე, ხოლო 100 იქნება ელექტრო. ეს არის სიახლე და ზოგადად აქ მიდის ევროპული ქვეყნები და ჩვენც, რა თქმა უნდა, არ ჩამოვუვარდებით ამ ყველაფერს,“-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უკვე დასრულდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება წლის ბოლომდე დედაქალაქში 220 ავტობუსის შემოყვანაზე.

„220 ერთეულ ავტობუსზე, რომელზეც ტენდერი გვქონდა გამოცხადებული უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია. გაფორმებულია ხელშეკრულება. მხედველობაში მაქვს ISUZU-ს ფირმის 8-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც წლის ბოლომდე შემოვა ქალაქში. ამით ჩვენ მთლიანად შევძლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას,“-განაცხადა კახა კალაძემ.