მობილურები და კომპიუტერები - ექიმები ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების ზრდის მიზეზებს ასახელებენ

ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს შორის მობილურების, აიპადებისა და კომპიუტერების გამოყენებას ასახელებენ.

„ინტერპრესნიუსი“ კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედითაც 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილს იკავებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორსა და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, ასმათ შენგელაიას ესაუბრა.

როგორც ექიმი განმარტავს, აღნიშნული დაავადების გამომწვევ რისკფაქტორებს შორისაა არაჯანსაღი კვება, ეკოლოგიური გარემოს ზემოქმედება და მობილურების, აიპადებისა და კომპიუტერების გამოყენება.

„ერთმნიშვნელოვნად, რა იწვევს აღნიშნულ დაავადებებს, მსოფლიომ არ იცის. მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რისკფაქტორები, რომელთა შორის, პირველ ადგილზეა რადიაციული დატვირთვა, თუ არის ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა, ვგულისხმობ: გამონაბოლქვებს, ტყვიის მაღალ შემცველობას პროდუქტებში და ა.შ. ამასთან, საკვები პროდუქტი, რომლებიც შეიცავენ ემულგატორებს და კონსერვანტებს. ყველა საკვები პროდუქტი, რომელსაც გვაწვდის ქსელი, არის მაღალი შენახვის ვადით. ასევე, მავნეა შეფერილი პროდუქტებიც, თუნდაც ეს იყოს საკვების საღებავი. რაც შეეხება რადიაციის ზოგად ფონს, საქართველოში ყველგან ერთნაირია, გარდა ზღვისპირეთისა. ზღვისპირეთში, ცოტა უფრო მაღალია. აქ ამას ემატება მუდმივად ის, რომ მაგნიტური ტალღების ზემოქმედებაა. მათ შორის, ელექტრომაგნიტურ ტალღებში შედის: ტელეფონი, აიპადი, კომპიუტერი, ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რა თქმა უნდა, კომპიუტერი აუცილებელია, მაგრამ შეზღუდული დრო უნდა გაატაროს ბავშვმა კომპიუტერთან და აიპადებთან“, - განმარტავს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.

კითხვაზე, უფრო კონკრეტულად რა დროის გატარებაა კომპიუტერულ ტექნიკასთან რეკომენდებული ბავშებისთვის, ასმათ შენგელაიამ განაცხადა:

„მაქსიმალური დრო, რომელიც უწყვეტად უნდა გაატაროს ბავშვმა კომპიუტერთან, სამი წლის ზევით, არის ერთიდან ორ საათამდე დღე-ღამეში. რაც შეეხება სამ წლამდე ბავშვებს, მათთვის საერთოდ არ არის რეკომენდირებული, რომ კომპიუტერული თამაშებით გაერთოს ბავშვი. ბავშვები ძალიან ხშირად აიპადებით უყურებენ მულტფილმებს, ზღაპრებს, წიგნი აღარავის უნდა, ხატვა აღარავის უნდა. ევროპის მოწინავე ქვეყნებში, ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, უკვე საავადმყოფოები შეიქმნა. აუტიზმი, განვითარების ჩამორჩენა, ყველაფერი ეს უკავშირდება ზედმეტ დატვირთვას. მე მინდა ვუთხრა დედებს, მოდით, ისე გავზარდოთ ჩვენი ბავშვები, როგორც ჩვენ გვზრდიდნენ, როგორც თქვენ გზრდიდნენ თქვენი დედები. ბავშვს უნდა შევაყვაროთ წიგნი, ხატვა და ეზო. ეზოში თამაში აღარ უნდათ ბავშვებს. საჭიროა, ფიზიკური დატვირთვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ასევე, ამოვიღოთ კვების რაციონიდან სხვადასხვა სახით პროდუქტები, როგორიცაა: fast food-ი, შეფერილი კანფეტები, შეფერილი ტკბილეულობა და ძალიან ხანგრძლივი ვადის მქონე პროდუქტები. მაგალითად, იოგურტი არ არის მავნე, მაგრამ მე, როგორც პედიატრს მირჩევნია, რომ ჩვეულებრივი მაწონი დავატკბო მურაბის წვენით, ვიდრე იოგურტი ვაჭამო, რადგან იოგურტს შენახვის ვადა აქვს ერთი თვე “, - განაცხადა ასმათ შენგელაიამ.

ამასთან, ექიმის თქმით, სიმსივნის განვითარების რისკი ბავშვთა ასაკში სამ ნაწილად იყოფა: ორსულობამდე პერიოდი, ორსულობის დროს და ორსულობის შემდგომ პერიოდად. უფრო კონკრეტულად კი, თუ როგორ აისახება ბავშვებზე აღნიშნული პერიოდები, ექიმი „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს:

„ორსულობის დროს, კატეგორიულად არის აკრძალული თამბაქო, ალკოჰოლი და მარიხუანა, რაც მოქმედებს ბავშვებზე. ასეთ ბავშვებს ემართებათ როგორც სისხლძარღვთა სისტემის სიმსივნე, ასევე სხვადასხვა სახის სიმსივნეები. მათ შორის, თავის ტვინის სიმსივნეები, ამიტომ ორსულობის პერიოდში, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, როცა ნაყოფი ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მავნეა, გაუმართლებლად დანიშნული მედიკამენტები. მართალია მედიკამენტის მიღება საჭიროა, მაგრამ ზოგჯერ არის გატაცება- „ვიღაც სვამს და მეც დავლევ“. ეს არ შეიძლება“, - განაცხადა ექიმმა.

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015-2017 წლების მონაცემებით, თავის, თვალისა და ნერვული სისტემის კიბო, ბავშვთა შორის გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მეორე ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.