ვეტერანები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ

ვეტერანები 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას მიიღებენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600 ლარის ოდენობით ერთჯერადად ფულად დახმარებას გასცემს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპულთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მათივე ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე, ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.

საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.