რვა ევროპულმა ქვეყანამ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად სტრატეგია შეიმუშავა. მათი განცხადებით, ევროკავშირის ბიუჯეტის მეოთხედი სწორედ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას უნდა დაეთმოს.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 2050 წლისთვის ჰაერში სითბურის აირების დონე 0 უნდა იყოს.
სტრატეგიას ხელი საფრანგეთმა, ბელგიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვედეთმა მოაწერეს.
აღნიშნული ქვეყნების ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი უნდა იყვნენ მაგალითები, რომელთაც შემდეგ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.
„ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, იქნება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება. სულ მცირე 25 პროცენტი უნდა დაიხარჯოს იმ პროექტებზე, რომლის მიზანიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა ევროპის მასშტაბით კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური კამპანია სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით, რომელიც შვედმა გოგონამ გრეტა თუნბერგმა დაიწყო. გარდა ამისა, ლონდონში აქტივისტებმა ბოლო პერიოდში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს.