ლარი ისევ გაუფასურდა. 2 თვის განმავლობაში ლარის კურსი, დოლართან მიმართებით, 2, 67-2,70-ის კორიდოში ტრიალებდა. თუმცა, ბოლო 2 დღეში თითქმის, 4 პუნქტით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ, 7 მაისისთვის დადგენილი კურსით, 1 დოლარი 2, 7083 ლარი ღირდა, 8 მაისს დადგენილი კურსით კი - 2, 7384 ლარი.
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ შესაძლო მიზეზებს განმარტავს, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია.
მისი თქმით, ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიურ გავლენას, სავარაუდოდ, უცხოური ინვესტიციების შემცირება და ამასთან, იმპორტზე მოთხოვნის ზრდა ახდენს.
„მიზეზებზე საუბარი რთულია, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე. ზოგადად, ტურისტული სეზონი სულ უფრო აქტიურდება და პირიქით, უნდა გაიზარდოს უცხოური ვალუტის მიწოდება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ლარის დასტაბილურებას. თუმცა, მეორეს მხრივ, უცხოური ინვესტიციების ძალიან დაბალი მაჩვენებელი, თავისთავად, ამცირებს უცხოური ვალუტის მიწოდებას, რაც ლარის გაუფასურებას განაპირობებს.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ სტატისტიკაში არ ჩანს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს იმპორტზე მოთხონის ზრდას. ყველა ეს ფაქტორი კი, საბოლოო ჯამში, ლარის გაუფასურებას იწვევს.
ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ არა, ურთულესი საპროგნოზოა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ლარი ამაზე მეტად აღარ გაუფასურდება“,-აცხადებს აკაკი ცომაია.