"რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი რომ იყიდოს, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის"

ობიექტურად რომ გითხრათ, რუსულმა კომპანიამ საქართველოში რომ იყიდოს რომელიმე ავტოგასამართი სადგურების ქსელი, ამით საქართველოს ეკონომიკას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს, არ მესმის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საქართველოში რუსული კომპანიების საქმიანობის გააქტიურების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და საკითხს როგორც ბიზმესმენი, ისე აფასებს და ქვეყანაში რუსული კომპანიების მხრიდან მონოპოლიის საფრთხე არ დგას.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ბიზნესის ენაზე გპასუხობთ, რომ არის სტრატეგიული აქტივები, რომელებთან მიმართებაშიც საფიქრალია, ვინ იქნება მათი მფლობელი. რასაკვირველია, ჩვენ პირველ რიგში ქვეყნის მთლიანობა გვაწუხებს. ამაზე საუბარი არ არის. თუ ჩვენ გავმსხვილდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკას.რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს", - აცხადებს ფხაკაძე.