საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში“ გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, სადაც მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, აგრეთვე დეტალურად არის აღწერილი ის ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშთან" დაკავშირებით განმარტებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აკეთებს. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა წლიურად 4.7 პროცენტით გაიზარდა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდას ძირითადად საექსპორტო შემოსავლები, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, განაპირობებს.
„ამავე დროს, შიდა მოთხოვნა, რაც ინფლაციაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორია, ჯერ კიდევ სუსტი რჩება. ბოლო წლების გამავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს კლების ტენდენცია აქვს და 2018 წელს ეს მაჩვენებელი 7.7 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საგარეო სექტორზე დანახარჯებსა და საგარეო სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს შორის თანაფარდობას უჩვენებს. ამ დანახარჯებს მიეკუთვნება იმპორტი ან უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდები და პროცენტი, ხოლო შემოსავლებია ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და სხვა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ამცირებს. წინასწარი მონაცემებით საგარეო სექტორის გაუმჯობესების ტენდენციები 2019 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა“, - აღნიშნავს გვენეტაძე.
მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტიანი მიზნობრივი დონის ახლოს მოძრაობდა.
„აპრილში წლიური ინფლაცია გაიზარდა და 4.1 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი აპრილის ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტია და მის გარეშე ინფლაცია, როგორც ამას დიაგრამაზე ხედავთ, 2.8 პროცენტია. ასეთ ერთჯერად ფაქტორებს, როგორიც არის აქციზის ზრდა, ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვთ და ცენტრალური ბანკები მათზე არ რეაგირებენ. შეგახსენებთ, რომ აქციზის გადასახადის ზრდა ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას 2017 წელსაც ახდენდა, თუმცა მისი გავლენა 2018 წლის დასაწყისში ამოიწურა და ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდა, რასაც ჩვენი მუდმივი კომუნიკაციაც მიუთითებდა. გრაფიკზე ეროვნული ბანკის პროგნოზია ასახული, რომლის თანახმადაც, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მიზნობრივ დონეს უფრო დაუახლოვდება. აქვე შევნიშნავ, რომ წლიური საბაზო ინფლაცია, 2 რომელიც გამორიცხავს მერყევ სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, აპრილში 1.4%-ს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კობა გვენეტაძის განცხადებით, საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, 2019 წლის პირველ კვარტალში ეროვნულმა ბანკმა გასული წლის ივლისში დაიწყებული პოლიტიკის განაკვეთს შემცირების პროცესი განაგრძო.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტეცნიურ დონეს და ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება, არსებული რისკების გათვალისწინებით, პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ეტაპობრივად განხორციელდება. ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად, 6.5 პროცენტის დონეზე, დატოვება. როგორც ადრე, მსურს აღვნიშნო, რომ პოლიტიკის განაკვეთის დიაგრამაზე გამოსახული პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშრებით. ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას, დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და პროგნოზების საფუძველზე“, - აცხადებს გვენეტაძე და დასძენს, რომ 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტია.
„საშუალოვადიანი პერიოდისთვის ხაზგასმას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს ის შეიძლება იყოს მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ ან ქვემოთ, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ დონეს ან ინფლაციის ლიმიტს. რომ დავაზუსტო, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს - ზოგჯერ მის ზემოთ და ზოგჯერ მის ქვემოთ, საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას“, - აღნიშნავს კობა გვენეტაძე. გამოცემის ნახვ ა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349