„მოვუსმინე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში"

მე მოვუსმინე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებსა და მიდგომებში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ გადააყენა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულია.

ბახტაძის თქმით, ქობულიას პოზიციაც იყო, რომ მას დაეტოვებინა აღნიშნული თანამდებობა.

„ჩვენთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მთავრობაშია, დღევანდელი სოციალური რეალობის ზუსტი აღქმა ჰქონდეს. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, ამ პროგრამის შესრულებაზე. მე არაერთხელ განმიცხადებია და დღესაც ვიტყვი, რომ გიორგი ქობულია არის თავისი საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებასა და ამ დარგების განვითარებისთვის სტრატეგიის შემუშავებას, მან მართლაც შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი და საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო, რომ ის გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა. მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც სუბიექტურად უნდა მიმეღო. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დახურულია,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.