შანხაიში ბიოდიზელზე და გადამუშავებულ საჭმელ ზეთზე მომუშავე ავტობუსები გამოჩნდნენ

შანხაის სატრანსპორტო კომპანიამ Shanghai Jiushi-მ ექსპლუატაციაში ჩაუშვა ავტობუსები, რომლებიც ბიო დიზელის საწვავზე და სპეციალური ტექნოლოგიით გადამუშავებულ საკვებ ზეთზე მუშაობენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Shanghai Daily წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა ხაზებზე უკვე გავიდა 2 ათასზე მეტი ბიოდიზელზე მომუშავე ავტობუსი. ამ ავტობუსებისთვის გამოიყენება საწვავი B5, რომელიც 5%-ით შეიცავს ბიოდიზელს, რომელიც თავის მხრივ მიიღება გამოყენებული მცენარეული ზეთის სპეციალური ტექნოლოგიით გადამუშავებისას, ხოლო 95%-ს შეადგენს ჩვეულებრივი დიზელი.

გამოცემა წერს, რომ შანხაიში წლიურად 30 ათასი ტონა გამოყენებული ზეთი გროვდება, რომლებიც შესაძლებელია გადამუშავდეს და გახდეს დაახლოებით 600 ათასი ტონა ბიოდიზელი B5 საწვავი. გამოცემის ინფორმაციითვე, ბიოდიზელის გამოყენება 10%-ით ამცირებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებებს.

კოკა კვირკველია