ჰაკერებმა კრიპტოვალუტის ბირჟიდან Binance 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი კრიპტოვალუტის ბირჟის გენერალურ დირექტორზე ჩჟაო ჩანპენაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ დაზარალებულ მომხმარებლებს მოპარულ ბიტკოინებს ბირჟის საგარანტიო ფონდის მეშვეობით აუნაზღაურებენ.
მომხდარის გამო Binance-მა ვალუტის შეტანა-გატანასთან დაკავშირებული ოპერაციები შეაჩერა იქამდე, სანამ კომპანია უსაფრთხოების დეტალურ ანალიზს არ ჩაატარებს. ამისთვის კომპანიის შეფასებით, დაახლოებით, ერთი კვირაა საჭირო.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აზიის ბაზარზე ბიტკოინების ღირებულება 4,2%-ით დაეცა. კიბერუსაფრთხოების კომპანიის CiptherTrace-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს ბირჟებიდან და სხვა სერვისებიდან 950 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაიტაცეს.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა