საქართველოს ბიზნესასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი მცდელობები მხოლოდ ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება და დააზიანებს მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ბიზნესკომპანიების გლობალური კონკურენტუნარიანობისა და ქვეყნების მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.
„ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბიზნესწრეების თანამშრომლობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მშვიდობიანი და მეგობრული თანაცხოვრება, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სამაგალითოა. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამჯერადაც არ აჰყვა ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეთა მცდელობას და ღრმად გვწამს, რომ არც მომავალში ექნება მსგავს მცდელობებს წარმატების შანსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მომუშავე სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს.
(R)