შვედეთის ხელისუფლება მის საზღვარზე 6 თვით გაახანგრძლივებს კონტროლს. ამის შესახებ ტელეკომპანია SVT-სთან ინტერვიუში შვედეთის შს მინისტრმა მიკაელ დამბერგმა განაცხადა.
„დღეს უკვე თავშესაფრის მაძიებლებმა იკლო, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე შვედეთისთვის, მითუმეტეს როცა „ისლამური სახელმწიფო“ დაიშალა“, - განაცხადა მან.
შვედეთის სამეფოს საზღვრებზე პოლიცია ყოველკვირეულად 150-200 მიგრანტს აკავებს. 2015 წელს 9,8 მილიონიან ქვეყანაში 163 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის. 2016, 2017 და 2018 წლებში კი ამ ქვეყანაში 29,26 და 21 ათასი ლტოლვილი ჩავიდა.
საიმიგრაციო პროცესის შეზღუდვის მიზნით, შვედეთის ხელისუფლებამ 2016 წლის იანვრიდან დაიწყო სასაზღვრო კონტროლი და გაამკაცრა მიგრანტების მიღების წესები. 2018 წლის 20 ივლისიდან შვედეთში მცხოვრები ლტოლვილებისთვის ამოქმედდა დროებითი საცხოვრებელი ნებართვის ფორმა მუდმივის ნაცვლად. ასევე გაიზარდა მოთხოვნები შემოსავლებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჰქონდეთ მიგრანტებს, რომლებსაც განზრახული აქვთ ამ ქვეყანაში საკუთარი ნათესავების ჩამოყვანა.